გადასახადის გადამხდელთა კავშირი პარლამენტში „ხაზარაძე-ჯაფარიძის” საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

მანშეტი პოლიტიკა

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ინიციატივით, გამოდის, რომ პარლამენტში შეიქმნას “ხაზარაძე-ჯაფარიძის” საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

„ინტერპრესნიუსი“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო თვეების განმავლობაში, თვალს ვადევნებთ ჩვენი წევრი კომპანიების, „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც საგრძნობი ზიანი მიაყენა ორივე კომპანიის საქმიან იმიჯს. ბანკის აქციები პერიოდულად უფასურდება, პორტის მშენებლობა კი, ჩიხშია შესული. ამავე დროს, ყველასთვის ნათელია ანაკლიის პორტის განსაკუთრებული საერთაშორისო მნიშვნელობა, რომელიც დიდი ხანია გასცდა რიგითი ბიზნეს-პროექტის ჩარჩოებს, შეიძინა საერთო ეროვნული მისია და სპეციალური ჩანაწერითაც დაფიქსირდა კონსტიტუციაში.

ჩვენ თავის დროზე გამოვთქვით შეშფოთება საგამოძიებო სტრუქტურებიდან ჯერ კიდევ გამოუძიებელი საქმის შესახებ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა სახელმწიფო უწყებების ობიექტურობასთან დაკავშირებით. როგორც იმჟამინდელმა, ისე, ბოლო დღეების განცხადებებმა პარტნიორი ქვეყნების საელჩოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა თუ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, დაგვარწმუნა, რომ აღნიშნულ ეჭვებს ბევრი იზიარებს და სახელმწიფო სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა დღითიდღე მცირდება.

ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი, რაც თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას “ხაზარაძე-ჯაფარიძის” საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს. დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიების მოკლე დროში დასრულებასაც.

ცხადია, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, სიმართლე, ადრე თუ გვიან, მაინც დადგინდება. თუმცა ფაქტია, რომ ამ პროცესმა უკვე დააზიანა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტი და ბიზნეს-ჯგუფი, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ამ ზიანის შესაძლო მასშტაბები, გრძელვადიან პერიოდში, სათანადოდ უნდა შევაფასოთ.

შევთანხმდეთ, რომ ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებზე შეთანხმება, რისი მიიღწევაც შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღია და პარტნიორული ურთიერთობებით”, -აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: İnterpressnews.ge