მამუკა ბახტაძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე – არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი, ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი

მანშეტი პოლიტიკა

არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი, ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საკითხის გარშემო იაფფასიანი სპეკულაცია მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი, ელემენტარულად, ეს კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ამიტომ მე თავს შევიკავებ შინაარსობრივი შეფასებისგან. ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი ამ პროცესების მისამართით. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც ობიექტურად აფასებს ყველაფერს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი, ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და ამ პრინციპიდან გადახვევა არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 – დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: İnterpressnews