მამუკა ბახტაძე – ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ობიექტურ სტატისტიკურ ინფორმაციაზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

მანშეტი პოლიტიკა

ჩემთვის განსაკუთრებული ემოციებით არის დატვირთული 21-ე საუკუნეში იმ უწყებების საქმიანობა, რომლის ფესვებიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იწყება და სტატისტიკის სამსახური სწორედ ასეთი უწყებების რიგს განეკუთვნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქსტატის 100 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ობიექტურ სტატისტიკურ ინფორმაციაზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ეს არის სამსახური, რომელმაც გაუძლო ისტორიულ ქარტეხილს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით და სადაც მუშაობენ პატრიოტი და ქვეყნის ერთგული მოქალაქეები. მივესალმები იმ პროგრესს, რომელიც გვაქვს სტატისტიკის სამსახურში ბოლო წლების განმავლობაში. ვიცი ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ამ სამსახურში გატარდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. 21-ე საუკუნე ინფორმაციული ეპოქის პერიოდია. აქედან გამომდინარე, თქვენს სამსახურს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. თქვენ ხართ ინფორმაციის წყარო ყველა სხვა უწყებისთვის, რომელიც ვალდებულია, თქვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაოს პოლიტიკა, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და დავძლიოთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. რომ არა მათი მხარდაჭერა, საქართველოს სტატისტიკის სამსახური ვერ შეძლებდა იმ წარმატების მიღწევას, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. ამის აღიარებაა ის, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახური გაეროს სტატისტიკის კომიტეტის წევრი გახდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსების 100 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საქსტატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: İnterpressnews.ge