აწიეთ ცხოვრების დონე და მერე ერთად გავატაროთ რეგულაციები — ტაქსისტები კალაძეს

მანშეტი საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის რეზიდანციასთან ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა საკრებულოსთან გადაინაცვლა და აქციას იქ გააგრძელებენ. რეზიდენციასთან დარჩენილი ნაწილი კი აცხადებს, რომ “როგორც მშვიდობიანად ამოვიდნენ, ისე მშვიდობიანად დაიშლებიან”.

ტაქსისტების განცხადებით, ხვალ 12 აპრილს ისინი ქალაქის მერს შეხვდებიან და კიდევ ერთხელ იმსჯელებენ რეგულაციებზე. “შეგვეშვას” ასე პასუხობენ ისინი კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნები აქვთ მერთან.

მათი თქმით, მერმა ჯერ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ აიწიოს ცხოვრების დონე. ტაქსისტების თქმით, ამის შემდეგ მერთან ერთად იმუშავებენ რეგულაციების შესრულებაზე. ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახალი რეგულაციები

თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.

კახა კალაძის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე, ტაქსის სერვისის განხორციელებაზე 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან კი, ამ საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.

კახა კალაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპია ვიზუალური სტანდარტი, ყველა ტაქსი მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში თეთრი უნდა იყოს.