პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება – კობახიძე

მანშეტი საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლოა, პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს.

კობახიძე ამბობს, რომ 1991 წლის 9 აპრილს გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს ბიუროს მიმართოს თხოვნით, პლენარულ სხდომათა დარბაზს გამსახურდიას სახელი მიენიჭოს.

“ზუსტად 28 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ აქტით ახდა თავისუფლებაზე მეოცნებე ქართველების არაერთი თაობის ოცნება და საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ზვიად გამსახურდიამ საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. ამ ისტორიული მოვლენის და სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემით ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მივმართო წინადადებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი,”-აცხადებს კობახიძე.



წყარო: netgazeti