პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი მიიღო

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებითაც,  სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება. დეპუტატებმა ცვლილებებს კენჭი უყარეს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე,  კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმეორებით კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის  პლენარულ სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და ცვლილებები კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებდა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.



წყარო: 1tv